ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „IDS ბორჯომი საქართველოს“ საკითხზე პირველად ისაუბრა იმაზე თუ ვისთან მუშაობს საქართველოს მთვარობა, რათა კომპანიამ ქარხნების ამოქმედება დროულად შეძლოს.
ლევან დავითაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების მუშაობის შედეგი მალე დადგება და „IDS ბორჯომი საქართველო“ პროდუქციის მწარმოებელი ქარხნების ამოქმედებას რამდენიმე დღეში შეძლებს.
„ბორჯომთან“ დაკავშირებით ორი საკითხია: ერთი ის, რომ კომპანიამ სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს – ეს უმთავრესი საკითხია. მთავრობა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს. ვმუშაობთ აქციონერებთან, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები და კომპანია არ იყოს საერთაშორისო სანქციების საგანი; ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო მარეგულირებელთან, რომლის სანქციების ქვეშ დღეს კომპანიის დამფუძნებლები არიან და შესაბამისად კომპანიის ფუნქციონირებას გარკვეული შეფერხებები აქვს; ვმუშაობთ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე.
იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში შევძლებთ, რომ კონკრეტული ცვლილებები მოხდეს, რომელიც კომპანიას თავისი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, „აიდიეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.
2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს…
IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ…